ღარიბაშვილი: საწვავის ფასების საპროტესტო აქციების უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა"



ღარიბაშვილი: საწვავის ფასების საპროტესტო აქციების უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა 27 მარტს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას, რომელზეც მოქალაქეებმა საწვავზე გაზრდილი ფასი გააპროტესტეს.

პრემიერის თქმით, ინფლაცია და გაზრდილი ფასები მსოფლიო გამოწვევაა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. მისივე თქმით, საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის, ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით საქართველო 71-ე ადგილს იკავებდა:

„გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან იდგა "ნაციონალური მოძრაობა". მე მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ის გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან, მაგრამ როდესაც ინფლაციას ვახსენებთ, მინდა მოქალაქეებს გავახსენო, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ათწლეულების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის ინფლაცია, ფასების ზრდა ისე, როგორც მთელ მსოფლიოში და საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო და ახლა დაემატა ეს ტრაგედია და ომი. ამას, ბუნებრივია, ექნება გავლენა ყველასა და ყველაფერზე - ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე“.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას და მოუწოდებს მოქალაქეებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს:

„გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი იყო, რადგან არ შეიძლება, როცა ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს საკუთარი ავტომობილებით. ეს არის მიუღებელი. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი“.

27 მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს რესპუბლიკის მოედნიდან, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს ცნობით, აქციის 20 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

აქციის მოთხოვნები იყო საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც მონაწილეების განცხადებით, გააიაფებს საწვავის ფასს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ