,,მხოლოდ არგუმენტირებულ კამათში შეიძლება შევყვე ადამიანს“ - ნანა ტერმაკოზაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს



,,მხოლოდ არგუმენტირებულ კამათში შეიძლება შევყვე ადამიანს“ - ნანა ტერმაკოზაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს

უამრავ შეურაცხმყოფელ ეპითეტსა და დაუმსახურებელ ლანძღვაზე ვცდილობ იმუნიტეტის გამომუშავებას - ასე ეხმაურება გორის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი იმ პირებს, რომლებმაც ნანა ტერმაკოზაშვილი და პირველი სკოლის დირექტორი, საგანმანატლებლო დაწესებულების ფასადის გადალესვის გამო გააკრიტიკეს. ტერმაკოზაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

,,ორი დღეა აღშფოთებულ პოსტებს და კომენტარებს ვკითხულობ გორის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. ჩემს მეგობრებს გაინტერესებთ ალბათ და დავწერ.

პირველი საჯარო სკოლის შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიუხედავად წითელი აგურის კედლების სილამაზისა, სპეციალისტების განმარტებით, არაფერი ფასეული არ ფუჭდება. კედლები იშლებოდა და როდის ვის სიცოცხლეს შეექმნებოდა საფრთხე, პასუხისმგებელი ვერავინ გახდებოდა. აგურითვე რეაბილიტაცია გამორიცხეს ისევ სპეციალისტებმა, ამ საკითხში ჩემი კომპეტენციის დონე კი მაიძულებს დავუჯერო ჩემზე კომპეტენტურებს.

სამუშაოების დამკვეთი არ არის არც სკოლა და მით უფრო - არც რესურსცენტრი. შესაბამისად, ვისაც ფინანსური მხარე გაინტერესებთ, მიმართეთ დამკვეთს - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს.

დღეს კიდევ ერთხელ ნახეს ადგილზე სპეციალისტებმა შენობა და სამუშაოების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. რაც ფოტოებზე ნახეთ, ბუნებრივია, არ მოგეწონებოდათ, ამიტომ დაელოდეთ საბოლოო სახეს. ფოტოებზე ჩანს შენობის უკანა მხარე, უკვე შეღებილი, და ჩანს ის კედლებიც, რომლებიც გაილესება და შეიღებება.

პ.ს. უამრავ შეურაცხმყოფელ ეპითეტსა და დაუმსახურებელ ლანძღვაზე ვცდილობ იმუნიტეტის გამომუშავებას. მხოლოდ არგუმენტირებულ კამათში შეიძლება შევყვე ადამიანს. სასაცილოდ მეჩვენება, ვინმეს ვუმტკიცო, პასუხისმგებლობის გრძნობა რომ მაქვს, ან სამშობლო რომ მიყვარს, ან "ვეფხისტყაოსნის" წაკითხვის(მათ შორის -ხმამაღლაც) უფლება რომ მაქვს“-წერს გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, გორის პირველი საჯარო სკოლის ფასადზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოების ნაწილმა, სკოლის დირექტორი და რესურს ცენტრის ხელმძღვანელი გააკრიტიკა. მათ სოციალურ ქსელში სურათები გაავრცელეს, სადაც ჩანს, რომ ფასადი გადალესილია. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ