პირველი ივნისიდან ბავშვები 150 ლარს მიიღებენ - პრემიერი



პირველი ივნისიდან ბავშვები 150 ლარს მიიღებენ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება.

„ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. 1-ლი ივნისიდან, თითო ბავშვზე, აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, წელს, ამ მიმართულებით, ბიუჯეტი 341 მილიონ ლარს შეადგენს.

„ასევე, ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს, რადგან ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. რა თქმა უნდა, ყველას გვაღელვებს სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 000-ზე მეტ ბავშვს. ასევე, იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ სხვა დახმარების გაცემასა და გაზრდას, მათ შორის, სხვა პროგრამების დაწყებას, რომლებიც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორიც არის, მაგალითად, დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ეს მიზნობრივი დახმარება, სწორედ ამ მიზნით და მიმართულებით არის გაკეთებული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ