გორში დღეს ქალთა მარში გაიმართება - ,,ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!"
გორში უცხოური გავლენის შესახებ მიღებულ კანონპროექტს გააპროტესტებენ. ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული მარში 8 მარტს 15:00 სთ-ზე თეატრის სკვერში გაიმართება. ქალთა მარშის შესახებ, ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას ვიღებთ.
ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, ზიანდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობა.
არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი - შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია!
სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უყურადღებოდ ვყავართ მიტოვებული, ახლა გეგმავს, შემოიჭრას ჩვენს პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეგვიზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე.
გაეცანით ქალთა მოძრაობის მანიფესტს ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე - shorturl.at/lIPQY“ -წერია განცხადებაში.
მარში პარალელურად გაიმართება შემდეგ ქალაქებში: გორი, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ოზურგეთი, ამბროლაური, ბოლნისი, თელავი, ახმეტა, მარნეული.