ხმაური გორში - კომუნისტური პარტის ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველებმა განყოფილებაში გადაიყვანეს
გორში, 9 მაისის აღსანიშნავად შეკრებილმა კომუნისტური პარტიის წევრებმა საბჭოთა სიმბოლიკა გამოფინეს და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოითხოვეს, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა. სუს-ის ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, აქტივისტებმა გამოფინეს წითელი დროშები ნამგლისა და უროს გამოსახულებით და უკვდავი პოლკის პლაკატები. პოლიციამ მათ გარკვეული დრო მისცა პლაკატებისა და დროშების ჩამოსახსნელად, თუმცა მათ დამორჩილებაზე უარი განაცხადეს და კანონს საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვაზე ფაშისტური უწოდეს, რის გამოც მათი ერთ-ერთი ლიდერი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. აქციის მონაწილეებმა ასევე უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა დაგმეს, რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს და საქართველოს მთავრობას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისკენ მოუწოდეს.