მერების განსხვავებული პოზიციები - რატომ უშვებენ სამსახურიდან თამარ აფციაურს



მერების განსხვავებული პოზიციები - რატომ უშვებენ სამსახურიდან თამარ აფციაურს

,,გადაწყვეტილება მიღებული იქნა ოთხივე მერის მიერ“ - ეს განცხადება კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ ,,ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტთან, ტელეფონზე საუბრისას გააკეთა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი აცხადებს, რომ თამარ აფციაურის სამსახურიდან წასვლის საკითხზე დეტალურად საუბარი არ სურს და დამატებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. მაისურაძემ არც ის თქვა, რატომ დაუჭირეს მხარი, შიდა ქართლის ცხოველთა ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე, ბექა გიუნაშვილის დანიშვნას.

,,გადაწყვეტილება შიდა ქართლის ცხოველთა ინტერმუნიციპალურის სააგენტოს ხელმძღვანელის შეცვლის საკითხზე, ოთხივე მუნიციპალიტეტის მერმა მივიღეთ. ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობების გადაწყვეტილება და მასში გუბერნია არ ჩარეულა. რატომ ბექა ღვინიასვილი ? ამ კითხვაზე პასუხს მოგვიანებით გაგცემთ“ - აცხადებს კასპის მერი.

საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს ქარელის მუნიციპალიტეტის მერს. ზაზა გულიაშვილი აცხაადებს, რომ თამარ აფციაურის სამსახურიდან წასვლის საკითხი ჯერ არ განუხილავთ და შესაბამისად, არც მხარი დაუჭერია. გულიაშვილი ირწმუნება, რომ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება და საკუთარ გადაწყვეტილებასაც მაშინ დააფიქსირებს.

,,მე არ ვიცი, რა გითხრათ კასპის მერმა, მე ზაზა გულიაშვილი ვარ და გეუბნებით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიცი, რომ თამარ აფციაურს წასვლა უნდოდა, თუ წასვლა უნდა ვერავინ ვერ დააკავებს მას. ჩვენ არ გვქონია ჯერ შეხვედრა. ჩვენი ერთი კოლეგა მივლინებით არის საზღვარგარეთ და ამაზე შემდეგ ვიმსჯელებთ“- ამბობს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი.

რაც შეეხება გორისა და ხაშურის მერების პოზიციას, ჯერ უცნობია, რადგან მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. თენგიზ ჩიტიაშვილი უცხოეთში იმყოფება მივლინებით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კი ზარებს არ პასუხობს.  ცნობისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ოთხივე მუნიციპალიტეტის მერმა უნდა მიიღოს, რადგან სააგენტოს დაფინანსება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან აქვს. 

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტიდან თამარ აფციაურის მოხსნის საკითხი ცნობილი გასულ კვირას გახდა. არსებული ინფორმაციით, აფციაურს ,,ქართული ოცნების“ წევრი, ბექა გიუნაშვილი შეცვლის, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არ აქვს. რაც შეეხება აფციაურს, იგი ამ სფეროში, 2010 წლიდან მოღვაწეობს. ის, წლები, გორის მუნიციპალიტეტის ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელად მუშაობდა და მიუსაფარ ცხოველთა რეგიონულ სააგენტოს სათავეში ერთი წლის წინ ჩაუდგა.  

ასევე შეგიძლიათ იხილოთ