ხაშურში და კასპში სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების რამდენიმე ფაქტი გამოვლინეს



ხაშურში და კასპში სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების რამდენიმე ფაქტი გამოვლინეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ხუთი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსანზე და სოფელ ძეგვის მიმდებარედ, გამონამუშევარი სივრცის და ტრაქტორების დგომის ადგილების გადამოწმებისას დადგინდა, რომ იურიდიული პირები ქვიშა-ხრეშის მოპოვებას, სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გარეშე ახორციელებდნენ.

ამასთან, სამართალდარღვევა კასპის მუციპალიტეტში მდინარე მტკვარზე და სოფელ ქვემო ხანდაკიში დაფიქსირდა, სადაც წიაღის უკანონონოდ მომპოვებელი პირები, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელ სუბიექტებს არ წარმოადგენდნენ.

ასევე, წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხცისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე ქვეიშა-ხრეშის მოპოვების უკანონო ფაქტი გამოავლინეს.

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი რეაგირების მიზნით, ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიაწოდა.

„აღსანიშნავია, რომ წიაღის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტების საქმიანობა შეამოწმოს. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც წიაღის მოპოვება ლიცენზიის გარეშე ხორციელდება, მათი შესწავლა სააგენტოს უფლებამოსილებას სცილდება და წარმოადგენს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ