პროტესტი გორში - ხელისუფლება გარემოვაჭრეებს ჭავჭავაძის, გურამიშვილის და ქართლის ქუჩაზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს
გორში გარემოვაჭრეები მათი დახლების აღებას აპროტესტებენ. ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა, ჯერჯერობით, ლადო ხინჩეგაშვილი მათთან სასაუბროდ არ გამოსულა. მათთვის მიუღებელია გორის მერიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ადგილი. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ არ აქვთ ადგილის ქირის ფული, ამასთან, ცენტრიდან მოშორებით არის და იქ მუშაობით საარსებო შემოსავლის შოვნა შეუძლებელია. ერთ-ერთი გარემოვაჭრე ქალი შეუძლოდაც გახდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეების დახლები მერიამ სამი დღის წინ, ღამის საათებში დაშალა.