ღორის აფრიკული ჭირი ოკუპირებული ჯავის სოფლებშიც გავრცელდა
ოკუპირებულ ჯავაში ღორის აფრიკული ჭირი მძვინვარებს. დე ფაქტო გამგებელმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ დაავადება რამდენიმე სოფელში გამოვლინდა. მათგან ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ სინაგურშია, სადაც მოსახლეობა დახოცილი ღორების დამარხვას ვერ ასწრებს.
ე.წ. გამგებელი ამბობს, რომ მოსახლეობას დიდი ზიანი მიადგა, დაავადება კი სწრაფად ვრცელდება.
ოკუპირებული ცხინვალი დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ სოფლის გასასვლელებთან დამონტაჟდა სადეზინფექციო ბარიერები, ხოლო იმ სადგომებს, სადაც ცხოველები იმყოფებოდნენ, დეზინფექცია უტარდებათ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ღორის აფრიკული ჭირის გამოვლენის პირველი შემთხვევა ეს არ არის, მანამდე შინაური ცხოველი ახალგორის, ცხინვალის და ზნაურის რაიონებში დაიხოცა.