თავდაცვის მინისტრმა გორში მე-11 ბატალიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება გრძელდება. 2022 წლის ბოლომდე ძირითადი სამხედრო ბაზების განახლება უკვე დასრულებული იქნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე რეგულარულად ეცნობა.
წელს პირველად მინისტრმა აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი მოინახულა, ტერიტორია დაათვალიერა და შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მე-14 ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობისთვის განკუთვნილი სამსართულიანი მშენებარე ყაზარმა მოინახულა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
წლის ბოლომდე ქვედანაყოფის ტერიტორიაზე მდებარე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახების მოწყობაც იგეგმება. მიმდინარე წელს მე-11 ბატალიონის შტაბის შენობასა და კიდევ ერთ ყაზარმას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, რითაც აღნიშნულ ბაზაზე სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად დასრულდება.
გასულ წელს მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები, განხორციელდა ახალი სანიაღვრე სისტემებისა და ასფალტის საფარის დაგება; ასევე, მოეწყო ახალი სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.