,,იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება" - კულტურის სამინისტრო



,,იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება" - კულტურის სამინისტრო

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდა მისი იერსახე. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა მუზეუმის იატაკი, აივანი და ხის მოაჯირები.

,,იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს სოფლის ცენტრში, მიწიდან ამომავალი წყაროს თავზე, სადაც არის მუდმივი ნესტი. ამის შედეგად პირველ სართულზე იატაკი ისე დაზიანდა, რომ საფრთხეს უქმნიდა დამთვალიერებლებს და აუცილებელი იყო მისი განახლება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მთლიანად შეიცვალა მუზეუმის იატაკი, ასევე, განახლდა პირველი სართულის დაზიანებული აივანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ შეკეთებულა.

რეაბილიტაციისთვის ტენდერი სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმმა გამოაცხადა. მუზეუმის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის სამინისტროსაგან მუზეუმს გამოეყო შესაბამისი თანხა.

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა. მის ფონდებში დაცულია 1700-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის - იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, დოკუმენტები, აგრეთვე - საბჭოთა პერიოდის ფერწერის, ქანდაკების, ჭედურობისა და კერამიკის ნიმუშები; თავმოყრილია მასალა ი. გოგებაშვილის სახელობის მედლისა და პრემიის ლაურეატებზე.

შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომ რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდა მისი იერსახე. დეტალურად აღინუსხა, აიზომა და ფოტოებზე აისახა ყველა არქიტექტურული ელემენტი შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში. ჩატარდა ძეგლისა და მისი გარემოს არასახარბიელო მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიება.“ - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია რომ რეაბილიტაციის მიმდინარეობისას მუზეუმი არ დაკეტილა და სტუმრებს იღებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ