უკრაინაში დაღუპული დავით ქუჩუკიანი მშობლიურ სოფელ ბებნისში გადაასვენეს - ოჯახი დილიდან სამძიმრებს იღებს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში ხალხმრავლობაა. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახი დილიდან სამძიმრებს იღებს. ის 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. ოჯახის წევრების თქმით, დავით ქუჩუკიანი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩავიდა.
"ორი კვირის წინ ვესაუბრე ბოლოს, რა განცდები ჰქონდა და უნდოდა, რომ თავისი სამშობლო, საქართველო გაერთიანებულიყო. დედა, აქ რომ მოვიგოთო, საქართველოც გაერთიანდებაო, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ერი ვართ, ისე ვერაფერს ვერ გავაკეთებთო, ეს იყო მისი აზრები", - ამბობს დაღუპული სამხედროს დედა.
ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ მან თავდასხმისას სხვა მებრძოლები გადაარჩინა და თავად დაიღუპა. ქუჩუკიანი ირიცხებოდა თავდაცვის ძალებში და არაერთ სამშვიდობო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
დავით ქუჩუკიანს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მას 18 აპრილს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ გასულ წელს უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების იერიშებს 42 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.