ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
6 ივლისს საგარეჯოში "მთავარის", "ფორმულასა" და R2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი მამუკა შაქარაშვილი დააკავეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი და ამავე აიპის უფროსის, თემურ ილაურის სიძეა.
გამოძიებით დადგინა, რომ დაკავებულმა "ფორმულას" ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე,"მთავარი არხისა" და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 06 ივლისს, ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი სულხან ჭკადუა ქ. საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მ.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.