კასპის სოფელში, დამოუკიდებლობის სახელობის სკვერი რუსული ტრენაჟორების დასამონტაჟებლად გადათხარეს



კასპის სოფელში, დამოუკიდებლობის სახელობის სკვერი რუსული ტრენაჟორების დასამონტაჟებლად გადათხარეს

სოფელ ხოვლეში, დამოუკიდებლობის სახელობის სკვერი გადათხარეს, რადგან სივრცეს რუსული წარმოების ტრენაჟორების დასამონტაჟებლად ამზადებენ.

აგვისტოს ომის გმირის, აფხაზეთის კონფლიქტს შეწირული და 9 აპრილს გარდაცვლილთა  ხსოვნის საპატივსაცემოდ დამონტაჟებული მარმარილოს ქვები, უკვე ერთ თვეზე მეტია რაც მოთხარეს და იქვე კუთხეში დააწყვეს. ადგილობრივი მაცხოვრებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დემონტაჟის დროს დაზიანდა ქვა რომელიც კახა კოშაძის (შინდისის გმირის) ხსოვნის საპატივსაცემოდ დაიდგა. 

სოფელში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათგან დამოუკიდებლად მიიღეს. ამის შესახებ კი შემთხვევით მაშინ გაიგეს, როცა ქვების დემონტაჟი მოხდა და სივრცე გადათხრილი დახვდათ. სოფელში ამბობენ, რომ აღნიშნული არა მარტო გმირების შეურაცხყოფა, არამედ სოფლისა და ქვეყნის სირცხვილია.  ხალხი ამბობს, რომ სოფელში არის სხვა ბევრი ადგილი, სადაც სპორტული სივრცის მოწყობა იყო შესაძლებელი. 

,,არ ვიცოდით, რომ ეს იგეგმებოდა. მოსახლეობას არაფერს აკითხებენ. შეურაცხყოფაა გარდაცვლილთა სულების, მათი ოჯახების და მთლიანად ქვეყნის. მოვითხოვთ სკვერის რეაბილიტაციას და ქვების ძველ ადგილას დაბრუნებას.“ - ამბობს, მარინე ყურაშვილი.

ოფიციალური სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სკვერის დანიშნულების შეცვლა კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს ,,ჯეო პარკს“ დაავალა. კომპანია კასპის სოფლებში გარე გამოყენების ტრენაჟორების დასამონტაჟებლად 177 000 ლარს მიიღებს. კომპანიის მიერ განთავსებული დოკუმენტების მიხედვით კი ირკვევა რომ თითოეულ სოფელში გეგმავენ რუსეთში წარმოებული მოწყობილობების მონტაჟს, რაც ერთ სოფელში დაახლოებით 25 000 ლარამდე ხარჯს გულისხმობს.

ინფორმაცია იმ შემთხვევაში განახლდება თუ აღნიშნულის შესახებ კასპის მერიაში კომენტარს გააკეთებენ.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ