“არ ვაპირებთ ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნოთ თვალი” – გორელი სტუდენტები



“არ ვაპირებთ ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნოთ თვალი” – გორელი სტუდენტები

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს თბილისში მიმდინარე უწყვეტ  პროტესტს, რომელშიც მასშტაბურად არიან ჩართულები სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან.

სტუდენტები, რომელთაც, გორელი სტუდენტების თქმით, “თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს”.

“ჩვენ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, კარგად ვიაზრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას და იმას, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპის დიდი ოჯახის წევრობა, ამიტომ არ ვემხრობით არაფერს, რაც ხელს შეგვიშლის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენ, გორის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, კარგად ვიაზრებთ იმას, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად დგომაა, ამიტომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით და ვგმობთ ყველაფერს რაც გვაკავშირებს რუსეთთან.

ვგმობთ ყველანაირი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ. ყოველდღიურად ვხედავთ როგორ უსწორდებიან სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, ზრდასრულებსა და მოხუცებს ფიზიკურად და არ ვაპირებთ ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნოთ თვალი.

კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და არავის მივცემთ უფლებას გადაუხვიოს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს”, – წერია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაში.

სტუდენტების განცხადება არ გამოხატავს არც უნივერსიტეტის და არც თვითმმართველობის პოზიციას. ესაა დამოუკიდებელი სტუდენტების პოზიცია და ინიციატივა, რომელსაც ამ დროისთვის (14:30) 250-მდე სტუდენტი აწერს ხელს. თუმცა ხელმომწერების რაოდენობა განახლებადია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ