ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს



ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.დ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს - 1977 წელს დაბადებულ ე.ჯ. -ს ქალაქ ბათუმში, ჯაყელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.პოლიციამ ბრალდებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ასევე, ამოღებულია გ.დ.-ის მფლობელობაში არსებული ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ