ღარიბაშვილი: პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ ევროკავშირის მისიით საქართველოში
„პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ ევროკავშირის ეგიდითა და მისიით, საქართველოში, მოახლოებულ არჩევნებზე, რათა არავის მიეცეს რაიმე მიზეზით სპეკულაციის საშუალება“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმის შესახებაც ისაუბრეს.
„პრეზიდენტ შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებულნი, რომ მოახლოებული არჩევნები მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩატარდეს და პროცესი სრულად გამჭვირვალე იყოს. პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ ევროკავშირის ეგიდითა და მისიით, საქართველოში, მოახლოებულ არჩევნებზე, რათა არავის მიეცეს რაიმე მიზეზით სპეკულაციის საშუალება. მე მას ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ, იყო ოპოზიციის ჩართულობაც. ასევე, მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ აბსოლუტურად მოწადინებულნი და მოტივირებულნი ვართ, მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.