ატენისა და გორის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ეპარქიის მრევლს მიმართავს



ატენისა და გორის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ეპარქიის მრევლს მიმართავს

ატენისა და გორის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია საქართველოში ბლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მრევლს მიმართავს.

,,ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება და გულისტკივილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რასაც ბოლო დღეების მანძილზე ვხედავთ: ძალადობა, პოლარიზაცია, დაპირისპირება.

ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის 30 წლიან გზაზე ბევრი განსაცდელი გამოიარა, მათ შორის, ბევრი ტკივილიც იგემა: სამოქალაქო ომები, არაერთი დაპირისპირება და სირთულე, სადაც დედა ეკლესია იყო ერის შემკვრელი, გამაერთიანებელი და ნუგეშისმცემელი.

სამწუხაროა, მაგრამ დღესაც, მიუხედავად ასეთი რთული გამოცდილებისა, ჩვენი საზოგადოება შეიძლება კვლავაც დადგეს დაპირისპირებისა და უკიდურესი პოლარიზაციის საფრთხის წინაშე. სწორედ ასეთი დაყოფის მაგალითია 5 ივლისის მოვლენები.

ძალიან სამწუხარო და საწყენია, როდესაც აღნიშნულ შემაშფოთებელ პროცესს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბევრი “გულშემატკივარი” გამოუჩნდა ზოგიერთი მედია საშუალების, პოლიტიკური პარტიის, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინდივიდების მხრიდან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ 5 ივლისის სამწუხარო მოვლენები გამოიყენონ “სათავისოდ” და ჩვენი ერისა და სახელმწიფო ინტერების საწინააღმდეგოდ.

გულსატკენი და სარკასტულია, როდესაც ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი წარმომადგენლების დადანაშაულება ხდება, მაშინ როდესაც ქრისტეს სხეული - ეკლესია, თავად არის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობაზე სიყვარულით გამარჯვების სიმბოლო.

როგორც მისი უწმინდესობა ხშირად აღნიშნავს “სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა - ესაა მთავარი, ამას გვასწავლის სახარება. მთელი საღვთო წერილის შინაარსი არის სწორედ სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა.”

ვფიქრობ, ასეთ დროს, როდესაც მიმდინარე პროცესები ასე აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის, აუცილებელია პასუხი გაეცეს არსებულ კითხვებსა და უსაფუძვლო ბრალდებებს, ამიტომ მინდა შევეხო რამოდენიმე საკითხს:

1. 5 ივლისამდე, ისევე როგორც 5 ივლისს და შემდგომ პერიოდშიც, არაერთგზის იქნა საჯაროდ მოწოდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, ძალადობის დაგმობისა და მიუღებლობის შესახებ.

2. დაანონსებული პრაიდის კვალდაკვალ, საზოგადოების უდიდეს ნაწილში შეინიშნებოდა უკმაყოფილება, ზრდადი აგრესია და საფრთხე ფიზიკური დაპირისპირებისა. რის გამოც, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებისა და მაშტაბური ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, დედა ეკლესიამ, მოუწოდა ყველას ლოცვისა და სიმშვიდისკენ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც წინასწარ დაანონსებული იყო პრაიდის სავარაუდო დრო და ადგილი, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დაპირისპირების საფრთხეს. შესაბამისად, ეკლესიის განცხადებას ჰქონდა პირდაპირი პრევენციული ხასიათი. სამწუხაროდ, ეს განცხადება, ნებსით თუ უნებლიეთ, დარჩა „ხმა მღაღადებლისად” წამქეზებელთათვის.

3. ძალიან სამწუხაროა, რომ ზემოაღნიშნულ მოვლენებში დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ძალადობის ყველა შემთხვევა უმოკლეს დროში იქნება გამოძიებული და შედეგები ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისათვის.

4. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია, თავის მხრივ, მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს სასულიერო დასის მოქმედებაზე და ძალადობის ფაქტის დადასტურებისას შესაბამისად იმოქმედოს კანონიკური და საეკლესიო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

5. გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მტკივნეულად აღიქმება სარწმუნოებრივი ფასეულობებისა და ეროვნული წეს-ჩვეულების ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა, რასაც სისტემატიური სახე მიეცა ტელე-ეთერებიდან თუ სოციალური ქსელებიდან, რაც ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ პოლარიზებულ დამოკიდებულებებს და მივყავართ უმძიმეს შედეგებამდე.

მიმაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ურთიერთბრალდებების რეჟიმში ყოფნა, რადაგან იგი არ დასრულდება დადებითი შედეგებით, ამის არაერთი სამწუხარო გამოცდილება გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. თუ ვთვლით, რომ ჩვენი საზოგადოება განვითარდა, დაუტევა საბჭოური აზროვნება და უფრო მეტად მიუახლოვდა დემოკრატიულ პრინციპებს, საჭიროა ვითარების რადიკალიზაციაზე უარის თქმა და მშვიდ გარემოში ერთმანეთთან საუბარი, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით, რათა ჩვენი ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე, რომელიც მიუღწეველი იქნება ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთმოსმენის გარეშე.

„მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რაითა აღუვაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქადოდით ჩუენ ქებულებითა შენითა, კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, ამიერითგან და უკუნუსამდე, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ იყავნ”. (ფს.105).

ყველას გისურვებთ ღვთის წყალობას.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით" - წერია, ატენისა და გორის ეპარქიის მიერ გავრცელებულ  მიმართვაში. 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ