შსს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აცხადებს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ.
განცხადების თანახმად, 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ გასაუბრება ჩატარდა და შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ. მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება. ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.