"ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი" - სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილზე
საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი.
ასევე პრეზიდენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, რომ, დაცული იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება,
მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და პრეზიდენტის თქმით, ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი.
"ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება, არის ძალიან დიდი გამოწვევა.
ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და
სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის
დაპატიმრება კანონის უზენაესობიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებული ჰქონდა და მიუხედავად
ამისა ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს, ციხეში
მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია. ყველა აკვირდება მის მდგომარეობას
და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება თუ როგორ მოვეპყრობით
მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მთელი ამ პერიოდის
განმავლობაში რეგულარულად ვიღებდით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
დღეს მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და გავაცნო ამ სერიოზულ საკითხზე ჩემი შეხედულება - პირველ
რიგში დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რადგან ყოფილი პრეზიდენტი
მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამიტომ, იმ კადრების გავრცელება, რომელიც
ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას ახსოვს თუ როგორ
ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტინეციურ სისტემაში, ამიტომ, დღევანდელი
ხელისუფლება არ შეიძლება რამეში წინამორბედს დაემსგავსოს. გულგრილობა, დაცინვა და ქილიკი მიუღებელია
არამხოლოდ ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ მთელი საზოგადოებისთვის.
ასევე, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ეს იწვევს განსაკუთრებულ
საზოგადოების ინტერესს, რადგან ყველა ხვდება რომ პრეზიდენტების ჯანმრთელობა სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა
გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე. ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზეზი კი, შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტის
ჯანმრთელობა გახდეს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი,
ეს არ ხნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით,
ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და ვფიქრობ, კიდევაც არის. საზოგადოებას უფლება აქვს ჭორების
ნაცვლად, ყოველდღიურად მიიღო სრულყოფილი, მიუკერძოებელი და სანდო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისა და ანალიზების შესახებ.
ეს ხელისუფლების ვალდებულებაა და მივმართავ მას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად შესრულებას და არა ნაწილობრივად.
ასევე, ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, ისევე როგორც სხვა რიგითი პატიმრები გადაყვანილი იყოს სამოქალქო
მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ აქვთ წარმოდგენა თუ რას ნიშნავს ეს და
რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ
არის, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა, რაც რიგით პატიმრებს ეძლევათ, რომ გადაყვანილები
იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია,
რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით,
რათა არ გაჩნდეს არანაირი ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.