,,თავისუფლება მამუკა ჩხიკვაძეს!“ - მოძრაობა ,,სირცხვილიას“ წევრები აქციას გამართავენ
მოძრაობა ,,სირცხვილიას" წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ. ისინი მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლებას და მისი ჯანმრთელობის დგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას მოითხოვენ. თავისუფლება რუსეთის ტყვეებს!; თავისუფლება მამუკა ჩხიკვაძეს! ამ მოთხოვნების მხარდამჭერები 19 დეკებერს, 15:00 საათზე შეიკრიბებიან.
,,12 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო კომუნიკაცია არ ჰქონია ხელისუფლების არცერთ უმაღლეს პირს. დაკავებიდან 6 დღის შემდეგაც კი საზოგადოებას არ მიეწოდება განახლებადი ინფორმაცია ჩხიკვაძის დაკავებების გარემოებების შესახებ, რაც მიუთითებს რომ საქართველოს მთავრობისთვის ოკუპანტის მიერ დაკავებული ჯარისკაცის ბედი პრიორიტეტული საკითხი არ არის.
12 დეკემბრის შემდეგ არ გადადგმულა არცერთი ქმედითი ნაბიჯი მამუკა ჩხიკვაძის გასათავისუფლად. მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ გამოიყენონ საკუთარი მანდატით მინიჭებული უფლებები, იმისათვის რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დადგეს. ამასთან, უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება დაკავებულის მდგომარობისა და მის გარშემო არსებული ვითარების შესახებ.“ - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 დეკემბერს დააკავეს. მას ცხინვალის ე.წ სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.