2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1.1 მილიარდით იზრდება და ის 19.5 მილიარდ ლარს მიაღწევს



2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1.1 მილიარდით იზრდება და ის 19.5 მილიარდ ლარს მიაღწევს

პარლამენტი დღეს 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავს. მთავრობა ბიუჯეტის ხარჯებს, რომელიც ისედაც რეკორდულად დიდი იყო და 18.4 მილიარდ ლარს შეადგენდა, დამატებით 1.1 მილიარდით იზრდება და ის 19.5 მილიარდ ლარს მიაღწევს. მთავრობის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების საჭიროება ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო დადგა. თუკი პირველადი პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით უნდა გაზრდილიყო, განახლებული პროგნოზით ეკონომიკური ზრდა 7.7% იქნება. ამ გარემოების გათვალისწინებით, მთავრობა საგადასახადო შემოსავლების პროგნოზს 720 მილიონი ლარით ზრდის. მატება შეეხება საშემოსავლო, აქციზის, დღგ-ისა და იმპორტის გადასახადებს.

მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა, სავარაუდოდ, 57.2 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა, რაც კრიტიკულ 60%-იან ზღვარს აჭარბებდა და 61% იყო, მშპ-ის 54%-მდე მცირდება, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი კი 6.9%-მდე დაიკლებს.

რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება:

ჯანდაცვის სამინისტრო - მატება 600 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 6.1 მილიარდი ლარი

სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი თანხა - 600 მილიონი ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ემატება, რის შედეგადაც უწყების ბიუჯეტი 6.1 მილიარდ ლარს მიაღწევს. მათ შორის COVID-19-ის პაციენტთა მკურნალობის
ბიუჯეტი 446 მილიონი ლარით იზრდება და 846 მილიონ ლარს მიაღწევს. უშუალოდ ვაქცინების შეძენისთვის კი 150 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - მატება 36 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 643 მილიონი ლარი

ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით, 17.7 მილიონ ლარამდე ეზრდება. 29 მილიონი ლარით მცირდება სავალდებულო კარანტინის ორგანიზებისთვის გათვაალისწინებული ხარჯები. სანაცვლოდ, 55 მილიონი ლარით მატულობს სააგენტოს “აწარმოე საქართველოშის” დაფინანსება და ის 357 მილიონ ლარს მიაღწევს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მატება 177 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 628.6 მილიონი ლარი

უწყების ბიუჯეტის მატება ძირითადად რთველის სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება. სამინისტროს ბიუჯეტი ამ მიმართულებით 100 მილიონი ლარით იზრდება და ის რეკორდულ 138 მილიონ ლარს მიაღწევს.

ასევე 74 მილიონი ლარით იზრდება ერთიანი აგროპროექტის დაფინანსება, რის შედეგადაც პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 280.7 მილიონ ლარს მიაღწევს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მატება 90 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 2.45 მილიარდი ლარი

ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დამატებითი თანხები ძირითადად გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ დასაფინანსებლად. მთლიანობაში ამ პროექტით მთავრობა 4 წლის ვადაში 500 მილიონამდე თანხის დახარჯვას განიხილავს. მისთვის უკვე დასრულდა 300 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს (ფასადები, სკვერები და სხვა). განახლებული რეგიონებისთვის თანხის გამოყოფის პარალელურად, 30 მილიონი ლარით მცირდება გზების მოვლა-შეკეთების ბიუჯეტი და ის 641 მილიონი ლარით განისაზღვრება. ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ბიუჯეტი კი 37 მილიონით იზრდება და ის 890 მილიონ ლარს მიაღწევს. 

თავდაცვის სამინისტრო - მატება 30 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 930 მილიონი ლარი

ზრდა გათვალისწინებულია თავდაცვის უწყებაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა ლოჯისტიკური ღონისძიებების შეუფერხებლად განსახორციელებლად.

იუსტიციის სამინისტრო - მატება 60 მილიონი ლარი, მთლიანი ბიუჯეტი 296.5 მილიონი ლარი

ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 60.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 296.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია საერთაშორისო არბიტრაჟებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის ხარჯების დაფინანსების ზრდით.

განათლების და კულტურის სამინისტროები გაყოფის მიუხედავად, ბიუჯეტში კვლავ ერთ უწყებად არის წარმოდენილი, მათი ჯამური ბიუჯეტი 74.6 მილიონი ლარით იზრდება და 1.87 მილიარდ ლარს მიაღწევს.

მათ შორის განათლების მიმართულების დაფინანსება იზრდება 40.0 მლნ ლარით, დანარჩენი მატება კი კულტურისა და სპორტის მიმართულებაზე მოდის.

ცესკო - ბიუჯეტი იზრდება 4.2 მილიონი ლარით და ის 74.5 მილიონს მიაღწევს

სხვა უწყებების ბიუჯეტი უცვლელი რჩება.

როგორც ბიუჯეტის კორექტირების პროექტიდან ჩანს, მთავრობა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას საერთოდ არ განიხილავს. თუკი ბიუჯეტის მოქმედი კანონით საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სახელფასო ფონდი 1.61 მილიარდი ლარით განისაზღვრებოდა ის ახლა 1.64 მილიარდ ლარამდე იზრდება.

რაც შეეხება ბიუჯეტის მისაღებ შემოსავლებს, გადასახადების მობილიზებით მისაღები თანხა 720 მილიონი ლარით, 11.06 მილიარდამდე იზრდება. 

უფრო დეტალურად, გადასახადების გეგმის მატება ასეთია:

• დღგ - ზრდა 399 მილიონი ლარი, 2021 წლის განახლებული პროგნოზი 4.74 მილიარდი ლარი;
• აქციზის გადასახადი - ზრდა 218 მილიონი ლარი, 2021 წლის განახლებული პროგნოზი 1.8 მილიარდი ლარი;
• საშემოსავლო გადასახადი - ზრდა 90 მილიონი ლარი, 2021 წლის განახლებული პროგნოზი 3.4 მილიარდი ლარი;
• იმპორტის გადასახადი - ზრდა 3 მილიონი ლარი, 2021 წლის განახლებული პროგნოზი 80 მილიონი ლარი.

წყარო:bm.ge

ასევე შეგიძლიათ იხილოთ