ხაშურში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ხაშურის სამუსიკო სკოლის დარბაზში ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი და ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიქოვანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და როგორც ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, ისე მასთან დაკავშირებულ წამახალისებელ პროგრამებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კოვიდ-პანდემიის პირობებში ვაქცინაციის მნიშვნელობას, ასევე რეკომენდაციების დაცვას, რაც სოციალურ დისტანცირებას და პირბადის ტარებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გრძელდება 2022 წლის იანვარშიც. წახალისების პროგრამით სარგებლობა კი ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება ვაქცინირებულ პირს.