უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის აქტივობები განახორციელეს.
როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება.
"კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
ასევე, გვსურს განვმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს", - ამბობენ სუს-ში.
ცნობისთვის, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ ოკუპანტებმა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ლენტები გააბეს და უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლეს, თუმცა ბორდერიზაციის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გუშინ არ ადასტურებდა.