ოკუპირებული ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების 85%-ის შეჯამების შედეგად, პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეს, ალან გაგლოევს 53.67% აქვს, ხოლო მოქმედ, ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 41.3%.
ბიბილოვმა დამარცხება გასულ ღამითვე აღიარა, გაგლოევმა კი ხალხს „მხარდაჭერისა და ნდობისთვის“ მადლობა გადაუხადა. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტოს, „რეს“-ის ინფორმაციით, ალან გაგლოევმა ცხინვალში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამაყობს ხალხით, რომელმაც თავისი აზრი გამოხატა და ამაყობს, რომ ანატოლი ბიბილოვმა „არჩევნების“ შედეგები აღიარა. გაგლოევმა ისიც თქვა, რომ ახალ გუნდს შექმნის.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.