ოკუპანტების მიერ საქართველოს ორი მოქალაქის გატაცებას დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
"დღეს, 26 ივნისს, ოკუპანტებმა კვლავ გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც საქონელი ჰყავდათ გამოყვანილი საძოვარზე.
საბედნიეროდ, ორივე გატაცებული ახალუბნელი დაბრუნებულია, თუმცა, მათთვის ეს გატაცება და ოკუპანტის ტყვეობაში გატარებული რამდენიმე საათი ნამდვილად არ იყო კურორტზე ყოფნის ტოლფასი.
უკვე მერამდენედ ეს ხდება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მოცემული ფოტო და ადგილმდებარეობა დავადგინე თვითმხილველის დახმარებით.
გატაცებების 80% ხდება ზუსტად იმ ტერიტორიაზე, რომელსაც წესით ჩვენი ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს.
სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, ვინაიდან არ არსებობს ამ "კონტროლის" დამყარების სახელმწიფო ნება.
ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას ოკუპაციის ხაზის კამერებით გაკონტროლების მზა პროექტით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეამცირებს გატაცებების რაოდენობას და ხელისუფლებას მისცემს ძალზედ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს იმისა, რომ ოკუპანტები აგრძელებენ აგრესიას და მცოცავი ოკუპაცია თავისი მისგან გამომდინარე შედეგებით არ ჩერდება.
სამწუხაროდ, ხელისუფლება წლებია აიგნორებს ამ ინიციატივას და არაფერს აკეთებს ჩვენი მოქალაქეების დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები წარმოდგენილნი არიან მხოლოდ შიდა ქართლში, ხოლო მცხეთა-მთიანეთი, ზემო იმერეთი და რაჭა აბსოლუტურად დაუცველი რეგიონებია.
კითხვაზე, თუ რატომ დგანან პოლიციელები მხოლოდ შიდა ქართლში, პასუხი საერთოდ არ აქვთ შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს.
რაშია გამოსავალი?
უნდა გაჩნდეს სახელმწიფო ნება, რომ რამე შეიცვალოს.
მაგრამ ეს ნება ამ მთავრობას არ აქვს და არც ექნება." - სოციალურ ქსელში, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა წერს.