გაერომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე რეზოლუცია მიიღო



გაერომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსზე რეზოლუცია მიიღო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 8 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61 ) ინიცირებული რეზოლუცია - "აფხაზეთიდან, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". 

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 95-მა სახელმწიფომ დაუჭირა. საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.

"რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. 
 
ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე", - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სამინისტროს ცნობით, ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის დელეგაციის (განცხადებას მიუერთდნენ თურქეთის, ალბანეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ლიხტენშტაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, ანდორასა და სან მარინოს დელეგაციები), ლიეტუვას (ბალტიური და ნორდიკული ქვეყნების სახელით, განცხადებას ასევე მიუერთდნენ ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, სლოვაკეთის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, ჩეხეთის რესპუბლიკის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციები), კანადის (CANZ-ის სახელით -კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია), იაპონიის, იტალიის, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, წმინდა საყდრის წარმომადგენლებმა და გაეროს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ