მედიის ადვოკატირების კოალიცია ,,TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმიანება - ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად პრევენციული ზომების გატარებას სთხოვს



მედიის ადვოკატირების კოალიცია ,,TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმიანება - ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს  მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად პრევენციული ზომების გატარებას სთხოვს

2022 წლის 05 ივლისს ,,TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს შოთიკო სადაღაშვილს და თორნიკე გელიტაშვილს ჟურნალისტური საქმიანობის დროს თავს დაესხნენ. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში მოხდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, მოძალადეები ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფის ,,ალტ-ინფოს“ პარტიის მხარდამჭერებად გაეცნენ, არხის სარედაქციო, პროევროპული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიულ საქმიანობაში.

იმავე დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, „TV მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივ და პრორუსულ ჯგუფთან ,,ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულმა პირებმა 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და დაუმტვრიეს ტექნიკა. მთლიანობაში 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა. ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ხელისუფლება ვალდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პრორუსული ჯგუფთან დაკავშირებული პირების მიერ გამოხატულ აგრესიას. მით უფრო, როცა Რეგიონებში მცხოვრები ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შესაძლოა კიდევ უფრო დაუცველები აღმოჩნდნენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში გამოიკვლიოს „TV მონიტორინგისთვის“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა.

კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაატაროს პრევენციული ზომები მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ