შიდა ქართლში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა
საქართველოს პარლამენტმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, მესამე მოსმენით, 91 ხმით, ერთხმად მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორ კატეგორიას მოიცავს: ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი 10 986 ჰექტარით განისაზღვრა. ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება, მათ შორისაა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, ტანასა და თეძამის ხეობებში დაცული ტერიტორიის შექმნა. დაცულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისება, რაც, შესაბამისი რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება დაცული ტერიტორიების, მათ შორის, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების შექმნა/გაფართოება. დღეისათვის, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი თითქმის 800 000 ჰექტარს შეადგენს და ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 12%-ია, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია დაცული ტერიტორიების, ჯამში, 100 000 ჰექტრით ზრდა.