გორის მერიამ ბოლო 5 წელში 3 მილიონი ლარი დახარჯა წყალსადენის შენებაზე, თუმცა სამუშაოების შემდეგ მდგომარეობა ზოგიერთ უბანში გაუარესდა



გორის მერიამ ბოლო 5 წელში 3 მილიონი ლარი დახარჯა წყალსადენის შენებაზე, თუმცა სამუშაოების შემდეგ მდგომარეობა ზოგიერთ უბანში გაუარესდა

ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ გორის მუნიციპალიტეტში წყალსადენი სისტემა 2018 წელს მოეწყო, თუმცა 2019 წელს ატენში გზის მშენებლობისას დაზიანდა და შედეგად, პანდემიაში სოფელი კვირების შუალედით უწყლოდაა.
მერიის მხრიდან პროცესის არასწორად მართვის შედეგად, წყალსადენის სადრენაჟო სისტემის დაზიანების გამო, ბიუჯეტიდან დამატებით 356,000 ლარი დაიხარჯა.
გორის მერიამ ბოლო 5 წელში თითქმის 3 მილიონი ლარი დახარჯა წყალსადენის შენებაზე, თუმცა სამუშაოების შემდეგ მდგომარეობა ზოგიერთ უბანში გაუარესდა კიდეც.
სამუშაოების ნაწილი ქართული ოცნების შემომწირველის კომპანიამ შეასრულა, რომელმაც ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო

 

გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ატენში უკვე წლებია, წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელს წყლის ბუნებრივი რესურსები გააჩნია, მოსახლეობას წყალი დღემდე გრაფიკით და კვირების შუალედით მიეწოდება.

მიუხედავად პანდემიისა და შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვის აუცილებლობისა, ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემაც კი უდგას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო 5 წელში 2.8 მლნ ლარი დახარჯა წყალსადენის სამშენებლო სამუშაოებისთვის, თუმცა პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, აღნიშნული სამუშაოების შემდეგ მდგომარეობა ზოგიერთ უბანში გაუარესდა, ხოლო გამრიცხველიანება და წყლის ოჯახებამდე მიყვანა დიდწილად ან სრულად არ განხორციელებულა.

2016 წლის 3 მაისს, გორის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუფორმა შპს „გელას“, სოფელ ატენის წყალსადენის ქსელის პირველი ეტაპის სამუშაოების შესყიდვისთვის. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს 1,061,100 ლარი გადაუხადა აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის.

2017 წლის 7 ივნისს, მე-2 ეტაპის სამუშაოების შესყიდვისთვის, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ნდს მშენებლობას“, მერიამ სამუშაოები 2018 წლის 11 მაისს ჩაიბარა და მიმწოდებელს 1,533,400 ლარი აუნაზღაურა. საბოლოო ჯამში გორის მუნიციპალიტეტს ატენის წყალსადენი ქსელის მოწყობა 2,594,500 ლარი დაუჯდა და ის 2018 წლის მაისიდან გაეშვა ექსპლოატაციაში.

2019 წლის თებერვალში საქართველოს აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მოკვლევა, თუ როგორ ფუნქციონირებდა აღნიშნული წყალსაცავი. აღმოჩნდა, რომ 2018 წლის ნოემბრიდან მოსახლეობას წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა, ან მხოლოდ ნაწილს მიეწოდებოდა, ისიც შეფერხებით. ამის მიზეზი კი გახდა სოფ. ატენში საავტომობოლი გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გზის რეაბილიტაციის სამუშაოები წყალსადენის სათავე ნაგებობის და მისი სადრენაჟო სისტემის სიახლოვეს, რამაც გამოიწვია მიწისქვეშა წყალშემცველი ფენების დაზიანება და მოპოვებული წყლის დებეტის შემცირება.

ამ საფრთხის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წლის სექტმებრში აფრთხილებდა გორის მერია საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თუმცა აღნიშნული დაზიანების თავიდან აცილება მაინც ვერ მოხდა.

 

დამატებითი ხარჯები

გორის მერიამ 2019 წლის აპრილში განახორციელა შესყიდვა დაკარგული წყლის საძიებო სამუშაოებზე და ძიების შედეგების შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე, რაშიც მან 20 000 ლარი გადაიხადა. ხოლო 2019 წლის ივნისში გორის მერიამ გამოაცხადა ტენდერი წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის მშენებლობისთვის, რომელშიც უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს “მშენებელი 80”, რომელმაც ბიუჯეტიდან 336,000 ლარი მიიღო. მიუხედავად ამისა წყალმომარაგების პრობლემა სოფელ ატენში ვერ მოგვარდა.

აღსანიშნავია რომ შპს “მშენებელი 80”-ის 50%-იანი წილის მფლობელი ვასილ სანაძე, მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია. მან 2020 წლის ოქტომბერში მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირა. აგრეთვე 2012 წელს 5,000 ლარი აქვს შეწირული ნაციონალური მოძრაობისთვისაც.

დასკვნა

საბოლოო ჯამში გორის მერიამ თითქმის 3 მლნ ლარი (2,956,000) დახარჯა სოფ.ატენში წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა მოსახლეობა წყალს დღემდე გრაფიკით ან შეფერხებით იღებს. არ მოხდა სოფლის სრული გამრიცხველიანება და ბევრს ოჯახში წყალი საერთოდ არ არის შეყვანილი. წყალსადენის სისტემის სამუშაოებზე სხვადასხვა დროს მუშაობდა 3 კომპანია, მათ შორის ერთ-ერთის შპს “მშენებელი 80”-ის მეპატრონე არის მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველი და წყალსადენის სისტემასთან დაკავშირებული ტენდერიც უკონურენტოდ მოიგო 2019 წელს.

 

წყარო:

https://sao.ge/.../%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98... - აუდიტის დასკვნა

https://www.youtube.com/watch?v=TJXo3Ii8Tpo https://www.youtube.com/watch?v=J6cAfaqBev0 - ადგილობრივების კომენტარები

NAT190012861 - დამატებითი ტენდერი სათავე ნაგებობის მოსაწყობად

https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge# - შესყიდვების საიტი

https://www.transparency.ge/politicaldo.../ge/donations/1169 - პარტიების შემოწირულობა

 

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ