90-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხზე საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათ შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ), როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა.
როგორც „წითელ ჯვარში“ აღნიშნავენ, ჰუმანიტარული პლატფორმის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც ერთად იკრიბებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, ინფორმაციის გაზიარება ხდება.
„შეხვედრისას განხილული საკითხები მოიცავდა საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო, 2020 წლის ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ განხორციელებულ საქმიანობას და სამომავლო ძალისხმევას კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული 122 პირის ბედის გარკვევას.
შეხვედრას პირველად თავმჯდომარეობდა დანიელ მაკსვინი, დესპანი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში კავკასიაში, რომელიც ამ თანამდებობაზე 2021 წლის თებერვალში დაინიშნა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ჩემი უპირველესი ამოცანაა, მხარი დავუჭირო უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დასადგენად მიმდინარე სამუშაოებს. ამის მიღწევა კონფლიქტის მხარეებთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი, რათა მოიძებნოს ერთად მუშაობის ახალი გზა, რომელიც უფრო ეფექტური და მდგრადი იქნება,“ - აღნიშნავს დანიელ მაკსვინი.
„მონაწილეთა შორის მკაცრად ჰუმანიტარულ დიალოგსა და მათ მუდმივ ერთობლივ ჩართულობას საკოორდინაციო მექანიზმში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ოჯახებმა მიიღონ პასუხი და გათავისუფლდნენ გაურკვევლობისგან. დიალოგის გარდა, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს სურს, მხარეები უფრო დიდი ძალისხმევით ჩაერთონ მოძიებისა და იდენტიფიკაციის, ასევე, ოჯახების მხარდაჭერის პროცესში, რათა ის უფრო ეფექტური და მდგრადი გახდეს. 2021 წლიდან მხარეებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ იმ ამოცანების უმეტესი ნაწილის შესრულება, რომლებსაც ამჟამად წჯსკ ახორციელებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.