ხაშურის საკრებულოს შვიდმა წევრმა "ქართული ოცნება" დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა
ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.
როგორც პარტიის ახალმა წევრებმა ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, „ოცნების“ ხელისუფლება იმ პრინციპებსა და მიზნებს დაშორდა, რისთვისაც ისინი 2012 წელს იბრძოდნენ.
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები: ვაჟა ხარშილაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირინე გელაშვილი სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მამუკა წიქარიშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ტეფნაძე ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე, ანა ხარებავა სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე, ჯონდო კაპანაძე- ფრაქცია „ქართული ოცნება -მრეწველების“ თავმჯდომარე, ემზარ მურჯიკნელი ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილე - არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაშორდა იმ პრინციპებსა და მიზნებს, რომლისთვისაც ჩვენ 2012 წელს ვიბრძოლეთ, ვტოვებთ უმრავლესობის რიგებს და ვაგრძელებთ ბრძოლას, არათუ ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, გიორგი გახარიას გუნდთან ერთად. ვიცით, რომ ჩვენს განცხადებას ბევრი ადამიანი ელოდება, მოგიწოდებთ შემოგვიერთდით ჩვენ ვერთიანდებით „საქართველოსთვის“, - განაცხადეს ერთობლივ ბრიფინგზე.