გორის საკრებულოს დეპუტატი სასამართლოს 50 000 ლარიან გირაოს სთავაზობს - ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული მძიმე სენს ებრძვის
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული ბორია კურტანიძის ადვოკატი, "ქართული ოცნების" დეპუტატის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს.
მიზეზად ადვოკატმა სასამართლო პროცესზე დაკავებულის ჯანმრთელობის დგომარეობა დაასახელა.
უფლებადამცველის თქმით, ბრალდებული მძიმე სენს ებრძვის.
უმძიმესი დაავადებით და დიაგნოზით არის თქვენს წინაშე წარდგენილი ეს ადამიანი, რომელმაც საკუთარი საცხოვრებელი ვერ გახსნა და დაკითხული იქნა შუაღამით.
ბორის გოგოიჩაშვილის დიაგნოზია თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე, IV სტადია. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული სიმსივნე მეტასტაზური ფორმისაა და სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა.
თუ პატიმრობას გამოიყენებთ, ეს მას სიცოცხლეს მხოლოდ ერთ კვირას გაუხანგრძლივებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და მის მიმართ გამოიყენოთ არასაპატიმრო ღონისძიება – გირაო 50 000 ლარის ოდენობით.
თქვენ გგონიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში ეს ადამიანი შეძლებს გაქცევას ან ალკოჰოლის ჩამოსხმას? – ეს სრულიად დაუჯერებელია"- თქვა ადვოკატმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში არალეგალური ალკოჰოლის ქარხანასთან და უაქციზო სიგარეტის საწყობთან კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 75 137 ბოთლი ალკოჰოლი და 318 000 კოლოფი სიგარეტი. დაკავებულებს შორის არიან ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი. გამოძიების ინფორმაციით, ფალსიფიცირებული სასმელები ტრაილერებით რუსეთშიც გაჰქონდათ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 200-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.