ბრიტანეთმა TV იმედი და პოსტ TV დასანქცირა
დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო არხები TV იმედი და პოსტ TV დასანქცირა. გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
სანქციის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები გახდა.
დაკისრებული სანქციები მოიცავს:
აქტივების გაყინვას,
ტრასტის მომსახურების აკრძალვას
დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ტელევიზიები დეზინფორმაციის გავრცელებაში არიან ჩართულები:
სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ის [POSTV და Imedi] ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ თავის აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან უკრაინის დამოუკიდებლობას.
კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას."- ვკითხულობთ განმარტებაში.
ირაკლი რუხაძემ TV იმედი 2026 წლის თებერვალში გაყიდა - ტელეკომპანია „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად გასხვისდა. ახალი მფლობელი ილია მიქელაიშვილია.
რაც შეეხება პოსტ TV-ის, პროპაგანდისტული მედიის 52%-ს „ხალხის ძალის“ ლიდერი ვიქტორ ჯაფარიძე, ხოლო 24%-ს კი შალვა რამიშვილი ფლობს.