Freedom House-ის 2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა



Freedom House-ის 2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

ამერიკული ორგანიზაციის Freedom House - ის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინდექსში ქვეყანას მინიჭებული აქვს 77 ქულა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 ქულით მეტია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ინდექსში მე-9 ადგილზეა სტატუსით „ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით“.

„აღსანიშნავია, რომ საქართველო ინდექსში უსწრებს ისე ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, იტალია, ავსტრალია, აშშ და სხვ. 2011 წელს საქართველოს ჰქონდა „ნაწილობრივ თავისუფალი ინტერნეტ სივრცის“ სტატუსი, 2012 წელს კი მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილი ეკავა.

2021 წლის დეტალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ განაგრძობს ზრდას მოსახლეობის მობილური და ფიქსირებული ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი, რომლის დასტურად მოყვანილია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკური მონაცემები, აგრეთვე საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმება და 2020 წლის იანვარში საქართველო მთავრობის მიერ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 5 წლიანი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება, რომლის მიზანია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონში საქართველოს ციფრული და საინფორმაციო ჰაბად გარდაქმნა, კონკურენციის სტიმულირება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ციფრული უნარების განვითარება და სხვა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 4G ქსელებით უნდა დაიფაროს საქართველოს ტერიტორიის 99 პროცენტი, ხოლო 5G სერვისების პილოტირება უნდა მოხდეს მინიმუმ სამ მუნიციპალიტეტში.

გარდა ამისა, საუბარია სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას ერთიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საბითუმო ინტერნეტ მომსახურებების მიწოდება ტელეკომ ოპერატორებისთვის, აგრეთვე საპილოტე პროექტის დასრულება ოზურგეთში, სადაც 49 დასახლებულ პუნქტში, 29 000 მოსახლეს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ინტერნეტი და მეორე საპილოტე პროექტის დაწყება ქობულეთში”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათვე ცნობით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში არ არსებობს გენდერული სხვაობა მათ შორის, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ინტერნეტს, ქალაქებში კი სახეზეა ინტერნეტ ქსელების დაფარვისა და მოსახლეობის მიერ ინტერნეტის გამოყენების მაღალი მაჩვენებელი.

„დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სათემო ინტერნეტიზაციის პროექტების განხორციელება თუშეთში, ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობებში და მობილური ოპერატორების მიერ სპეციალური იაფი ტარიფების შეთავაზება ონლაინ სწავლისთვის. აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს დაწესებული რაიმე სახის შეზღუდვა ინტერნეტ კავშირზე, ხოლო საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა კერძო კომპანიების მფლობელობაშია. კერძოდ, 2021 წლის მარტის მდგომარეობით ავტორიზებულია 152-ზე მეტი ინტერნეტ პროვაიდერი და ყველა მათგანი კერძო საკუთრებაშია. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ ინტერნეტ მომხმარებლებს არ ექმნებათ შეზღუდვები ვებსაიტებზე წვდომის, კონტენტის ატვირთვის ან ჩამოტვირთვის, სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციის ფორუმების, სოციალური მედიის და შეტყობინებების პროგრამების საშუალებით, ხოლო ონლაინ შინაარსი არ ექვემდებარება წაშლას და მთავრობის მოთხოვნა ონლაინ შინაარსის ამოღების შესახებ იშვიათია.

ანგარიშის თანახმად, Facebook - ის, Google - ისა და Twitter - ის გამჭვირვალობის უახლესი ანგარიშები ცხადყოფს, რომ Freedom on the net 2021 - ის ანგარიშის პერიოდში მთავრობამ არ გასცა წაშლის მოთხოვნა.

გარდა ამისა, მოსახლეობა აგრძელებს ელექტრონული სამთავრობო სერვისების გამოყენებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს, 179 საჯარო სერვისი გაციფრულდა და დაემატა პლატფორმას (MY.GOV.GE). დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ 2018 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც აცხადებს ინტერნეტზე წვდომას, როგორც საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებას”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ