ირაკლი ანთაძე - ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით 102-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელთა დაყენებასაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე გეგმავენ.
სუსი-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ამჟამად, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე.
,,დღესდღეობით, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე, გენადი ბესტაევი და გელა გოჭოშვილი. რაც შეეხება გოჭოშვილს, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების მიერ მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის გაზიარება მოხდა დაგვიანებით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან გარკვეულ კრიმინალურ აქტივობას.
ჩვენი პრინციპული პოზიცია, რაშიც გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული მხარდაჭერა, არის ცალსახა - უკანონოდ დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს და აღნიშნული საკითხი მთელი სიმკაცრით კვლავ დადგება დღევანდელ შეხვედრაზე“,- განაცხადა ანთაძემ.