არჩევნების ჩასატარებლად, საქართველოში 3 700-ზე მეტი საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია



არჩევნების ჩასატარებლად, საქართველოში 3 700-ზე მეტი საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია

„არჩევნების ჩასატარებლად, საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 უბანი“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.

„საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ. 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი“, - აღნიშნა გიორგი კალანდარისვილმა.

მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნები 7 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 8 საათზე დაიწყება.

„ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განახლებული შემადგენლობით, ამომრჩევლისთვის მაღალი სტანდარტის სერვისის მიწოდებისა და პანდემიის ფონზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, მოკლე დროში გასწია მოცულობითი სამუშაო და ყველა საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფს თავისუფალ, მშვიდ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს“, - აღნიშნავს ცესკოს თავმჯდომარე.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ