100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა
დღეს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), სამღვდელოებასთან ერთად, მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადეს და საქართველოსთვის წამებულთ შეავედრეს ჩვენი ხალხი და ქვეყანა.
დღესვე წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) და არქიმანდრიტმა ისააკმა (ფრიდონიშვილი) წირვა აღავლინეს 100 000 მოწამისა და წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძრებში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებები მეტეხის ხიდზე გაიმართა.
100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.