ვინ და როგორ მიიღებს ფულად დახმარებას გორის მერიისგან
გორის მუნიციპალიტეტში 2022 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასურის
თანადაფინანსების წესი იმოქმედებს და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თითოეულ სტუდენტზე ის 500 ლარით განისაზღვრება.
აღნიშნული დახმარება ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული
აქვთ 0-დან 120 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არ აქვთ მოპოვებული სახელმწიფო
გრანტი. გარდა ამისა, გორის მერია ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ
სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 120 000- ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა. სპორტსმენები 500 ლარიან
დახმარებას მიიღებენ. გორის ბიუჯეტიდან თანხას მიიღებენ 0-დან-18 წლამდე დედ-მამით ობოლი და ასევე ის ბავშვები, რომელთა
მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები. დახმარება იქნება ერთჯერადი და ყველა ბავშვი 1000 ლარს მიიღებს.
ახალი დადგენილება დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე პაციენტების დახმარებასაც გულისხმობს. მათი სტაციონარული მკურნალობა
ერთჯერადად 500 ლარით დაფინანსდება. ახალი დადგენილება ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებასაც. ბიუჯეტიდან
დაფინანსდება ასევე ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის
კურსები. გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეხება გორის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას, ასევე – გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
მცხოვრებ დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირების.