საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს



საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უკანონოდ დააკავებულები  გიორგი დემურიშვილი, მარკოზაშვილი გიორგი, მჭედლიშვილი რამინ და თომაშვილი ავთანდილი არიან. ოთხივე დაკავებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრია. გავრცელებული ინფორმაციით ისინი ოკუპირებულ სოფ. აძვისთავის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად გადავიდნენ რისი საშვალებაც რუსმა სამხედროებმა არ მისცეს და დააკავეს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

,,ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალაბს ეკისრება. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ