სუს-ის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება

სუს-ის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება

„2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა“,- ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ალექსი ბატიაშვილმა სამსახურის საქმიანობა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შეაჯამა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილა.

მისი თქმით,  ოფიციალური მოსკოვი განაგრძობდა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას და ხელს უწყობდა  საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის გაუცხოებისკენ მიმართულ პროცესს. ადგილზე აქტიურად მიმდინარეობდა მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე კი, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა და მათი მდგომარეობა გაუარესდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„მაღალი ინტენსივობით გრძელდებოდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. არსებული მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა 120-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალები და მძიმე სამხედრო ტექნიკა აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რაც რეგიონულ საფრთხესა და საერთაშორისო გამოწვევას წარმოადგენს“, - აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.

ანგარიშის წარდგენისას სამსახურის უფროსის მოადგილემ 2020 წელს  საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიმდინარე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციასა და სხვა უკანონო აქტივობებზე ისაუბრა.

„ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების - 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე. რიგ შემთხვევებში, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ