თეა წულუკიანმა სოფელ ნიქოზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამარხი მოინახულა



თეა წულუკიანმა სოფელ ნიქოზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამარხი მოინახულა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოფელ ნიქოზს ეწვია და გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი სოსიაშვილთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით აღმოჩენილი სამარხი მოინახულა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ ფარგლებში, სოფელ ქვემო ნიქოზში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები ძალზედ ნაყოფიერი გამოდგა.

ქვემო ნიქოზის მკვიდრის, ბადრი დევიძის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილია ბრინჯაოს ბრტყელი ცული, ბრინჯაოს და რკინის წინდები და ლითონსადნობი ქურის ნიშნები. ასევე, გამოვლინდა პრეისტორიული პერიოდის ნიმუშები, კერძოდ მტკვარ-არაქსის მასალები (დაახლოებით ჩვ. წ. აღ-მდე მესამე ათასწლეულის) და რაც ყველაზე საყურადღებოა, აღმოჩნდა სამარხი მიცვალებულის ნაშთებით.

არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში ჩართული იყვნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი, ასევე დოქტორანტი ირაკლი სოზიაშვილი და ისტორიკოსი სოსო ალიმბარაშვილი.

თეა წულუკიანმა არქეოლოგიურ სამუშაოებში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ სამინისტროს მიერ მომავალშიც იქნება მხარდაჭერილი, ვინაიდან სტუდენტებისთვის და მათი პროფესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

მოცემული ტერიტორია აღსანიშნავია იმითაც, რომ იგი ერთადერთი ძეგლია, რომელიც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ საქართველოს კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, რადგან გასულ საუკუნეებში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები მოქცეულია მავთულხლართს მიღმა.

აღმოჩენილი ნივთები შემდგომი მოკვლევის, შესწავლისა და საჭიროების შემთხვევაში, რესტავრაციის მიზნით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში იქნება გადატანილი.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ