2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განახლებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის იანვრიდან-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს.
სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში საქართველოში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა. შსს-ს ცნობით, რეგისტრირებული 52 შემთხვევიდან - 47 გახსნილია.
სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებული იყო მკვლელობის 56 შემთხვევა. სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა.
შსს-ს სტატისტიკაში ასევე აღნიშნულია, რომ იანვარ-სექტემბრის პერიოდში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 2-ით აღემატება.
რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, შსს-ს ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის პირველ 9 თვეში მკვლელობის მცდელობის 44, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის 36 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, გახსნილია მკვლელობის მცდელობის 40, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის 35 შემთხვევა.