ერგნეთის შეხვედრაზე მხარეები მავთულხლართების ორივე მხარეს არსებული სოფლების წყალმომარაგების საკითხს განიხილავენ



ერგნეთის შეხვედრაზე მხარეები მავთულხლართების ორივე მხარეს არსებული სოფლების წყალმომარაგების საკითხს განიხილავენ

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა იმართება. მხარეები მავთულხლართების ორივე მხარეს არსებული სოფლების წყალმომარაგების საკითხს განიხილავენ. როგორც ქართულ ისე ოსურ სოფლებს სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემა აქვთ.  შეხვედრას სუს-ის და მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებიან.

ტირიფონის სარწყავ სისტემაში წყლის დეფიციტია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ზონკარის წყალსაცავიდან მარაგდება. გუშინ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ტექნიკურ შეხვედრასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით ამ მიმართულებით თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები უკვე არსებობს, როცა ქართული მხარე წყალს აწვდის სოფელ იკორთას, ხოლო ოსური მხარე წყლით ქართულ სოფელ დვანს ამარაგებს. ამჟამად ოსური მხარე სოფელ წინაგარისთვის წყლის მიწოდებას ითხოვს.

ზაფხულის სეზონზე გასარწყავების პრობლემები როგორც ქართულ, ისე ოსურ სოფლებს ყოველწლიურად ექმნება, რადგან ტირიფონის სარწყავი სისტემა როგორც ოსურ ისე ქართულ სოფლებში გადის. ქართული მხარე ამ სისტემის ზონკარის წყალსაცავიდან მომარაგებას ითხოვს. 2008 წლის ომის შემდეგ ზონკარის წყალსაცავი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული და დე ფაქტო ხელისუფლება მას საკუთარი სურვილის მიხედვით ხან ხსნის და ხან კეტავს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ