1 მლნ ლარი ნუშის ბაღში - „ოფთალმიჯის“ დამფუძნებლის ბიზნესინტერესები სოფლის მეურნეობაში



1 მლნ ლარი ნუშის ბაღში - „ოფთალმიჯის“ დამფუძნებლის ბიზნესინტერესები სოფლის მეურნეობაში

ექიმმა, მეცნიერმა და ოფთალმოლოგიური კლინიკა „ოფთალმიჯის“ დამფუძნებელმა გიორგი ჯავრიშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში 32 ჰა-ზე ნუშის ბაღები 2 წლის წინ 1 მლნ ლარის ინვესტიციით გააშენა. მისი ინფორმაციით, ნუშის ბაღების გაშენება სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამით მოხდა.

BM.GE-ის კითხვას - რატომ დაინტერესდა პროფესიით ექიმი სოფლის მეურნეობით, გიორგი ჯავრიშვილმა ასე უპასუხა: „დიდი ხანია, რაც ეს მიწა მაქვს და ვფიქრობდი, რა კულტურა გამეშენებინა; ხან თივა მოგვყავდა, ხან ქერი და საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ნუშის ბაღის გაშენება მომგებიანი იქნებოდა, რადგან ვთვლი, რომ მასზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში არის და იქნება“.

ნუშის ბაღების მფლობელი გვიყვება, რომ მოსავლის რეალიზებას როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრებზე აპირებს, თუმცა კონკრეტულ რიცხვებსა და ქვეყნებს ჯერ ვერ ასახელებს.

„გასულ წელს ნუშის ბაღებიდან პირველი მოსავალი მივიღეთ. წელს უკვე 5-დან 8 ტონამდე მოსავალს ველით, შემდეგ წელს კი კიდევ უფრო გაიზრდება. პროდუქტს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე გავიტანთ. სარეალიზაციო მოცულობები და ბაზრები მოსავლიანობაზე იქნება დამოკიდებული“, - ამბობს გიორგი ჯავრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის ბაღებში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული.
 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ