,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო დღეიდან სრულად კოვიდის მართვის რეჟიმზე გადავიდა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, შიდა ქართლში დღეიდან სრულად კოვიდის მართვის რეჟიმზე გადავიდა კიდევ ერთი კლინიკა - ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო.
აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება გასული წლის ოქტომბრიდან კოვიდკლინიკის დატვირთვით ფუნქციონირებდა, აპრილიდან კი ჩვეულ რეჟიმს - მრავალპროფილურ სერვისებს დაუბრუნდა.
რეგიონის სამედიცინო სექტორში კოვიდის მართვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და რესურსებს შიდა ქართლის გუბერნატორი გაეცნო.
„ინფიცირების შემთხვევათა მნიშვნელოვნად მატების ფონზე საჭირო გახდა რეგიონში დამატებითი რესურსების მობილიზება, რისთვისაც კიდევ ერთი კოვიდკლინიკის ამოქმედება მოხდა. ამ ეტაპზე, გორის ჰოსპიტალის კოვიდსტაციონარი ფუნქციონირებს 84 საწოლზე, 110 კოვიდინფიცირებულ პაციენტზეა გათვლილი ,,გორმედის“ გორის კოვიდკლინიკა და 50 პაციენტის მართვა ხდება ამავე სამედიცინო ქსელის ქარელის საავადმყოფოში. კოვიდის მართვაზე გადავიდა ხაშურის საავადმყოფოც, რომელიც 86 პაციენტზეა გათვლილი. ჯამში, ამ დროისთვის, შიდა ქართლში 330 კოვიდინფიცირებული პაციენტის მართვაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, რეგიონში ვაქცინაცია მიმდინარეობს აქტიურად - ოთხივე მუნიციპალიტეტში 5 ლოკაციაზე და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ, ეს არის პანდემიის დამარცხების ერთადერთი გამოსავალი, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და ირგვლივ მყოფებს“, - განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.