სოციალურ ქსელებში თაღლითობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა



სოციალურ ქსელებში თაღლითობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ სოციალურ ქსელებში თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებულ გ.ლ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ლ.-მ 2020 წლის დეკემბერში, კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაარეგისტრირა მომხმარებლის ყალბი პროფილი, რის შემდეგაც დაიმატა მეგობრები და მათგან ერთ-ერთს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნ.ღ.-ს მისწერა თითქოს მის შვილს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაეგზავნა 300 აშშ დოლარი. ნ.ღ-მ ჩათვალა, რომ რეალურად კომუნიკაცია ჰქონდა მის ნათესავთან, რის გამოც იმავე დღეს, სწრაფი გზავნილების საერთაშორისო სისტემის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში, გ.ლ-ს სახელზე გამოგზავნა თანხა 300 აშშ დოლარის ოდენობით.

აღნიშნული თანხა გ.ლ.-მ გაანაღდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფილიალიდან, რითაც ნ.ღ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ