კიდევ ერთი გარდაცვლილი - ბათუმში, ნგრევისას დაღუპული ბავშვების დედაც გარდაიცვალა
36 წლის ინგა მეკეიძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ნგრევაში ორ შვილთან ერთად მოჰყვა, გარდაიაცვალა. მთელი ღამის განმავლობაში, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო - მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა.
გამთენიისას მაშველებმა ნანგრევებიდან მისი შვილების - 1 და 9 წლის ბავშვების ცხედრები ამოასვენეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაიცვალა. კიდევ 1 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.