ღვიძლის პარაზიტული დაავადება - ექინოკოკოზი
ექინოკოკოზი გადამდები პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ლენტისებრი პარაზიტი - ექინოკოკი. დაავადება ადამიანს ცხოველისგან გადაედება, ამიტომ ცხოველებთან ურთიერთობას, სხვა საშიშროებასთან ერთად, ექინოკოკოზით დაავადების საფრთხეც ახლავს თან. ხორცის მჭამელი შინაური ცხოველების ჰელმინთოზები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან შესაძლოა, ადამიანი დაასნებოვნოს. განასხვავებენ ექინოკოკის ორ ფორმას - კისტურს და ალვეოლურს. უფრო ხშირად გვხვდება ცისტური ფორმა.
ზრდასრული ექინოკოკი ბინადრობს შინაური და მტაცებელი ცხოველების (ძაღლის, მგლის, ტურას, მელიის, აფთრის) ნაწლავებში, რომლებიც ექინოკოკის კვერცხებს ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფენ და გარემოს აბინძურებენ.
ადამიანისთვის დაავადების ძირითადი წყარო ძაღლია. ექინოკოკის კვერცხი დიდხანსძლებს ძაღლის ბეწვზე, საოჯახო ნივთებზე, წყალში, საკვებში, ხილზე, მწვანილზე, ბალახზე, ნიადაგში, ბალახთან ერთად ხვდება შუალედური მასპინძლის (ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღორი) კუჭ-ნაწლავში და ექინოკოკოზით აავადებს. დაბინძურებული საკვების (ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა), წყლისა და დაბინძურებული ხელების საშუალებით ექინოკოკის კვერცხები ხვდება ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტშიც.