შსს: არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება
შინაგან საქმეთა მინისტრის 31 აგვისტოს ბრძანების შესაბამისად ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. ამასთან, არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; 900-მდე პოლიციელმა გაიარა სწავლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
„პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის სწრაფი და კოორდინირებული გაცვლის მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან საკონტაქტოდ გამოყოფილია სხვადასხვა დეპარტამენტის კონკრეტული თანამშრომლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის ორგანიზაციებს.